Главное
GEO  |  ENG  |  RUS

მიწათმოქმედება

რაიონის ძირითად ეკონომიკურ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, რომელშიც სოფლის მოსახლეობის უმეტესობაა ჩართული. რაიონში 95,705.85 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლის 7072 ჰექტარს საქართველოს სხვადასხვა რაიონებიც იყენებენ. აქედან 4500 ჰექტარი საზაფხულო საძოვრებია.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან 29239 ჰექტარი სახნავ-სათესია, 3487 ჰა-სათიბი, 59289 ჰა-საძოვარი, 7085 ჰა-მრავალწლიანი ნარგავები, ხოლო 3600 ჰა-ნასვენი მიწები.

ახალქალაქის რაიონში მიწის პრივატიზაციის პროცესის შემდეგ დღეისათვის რაიონის თითქმის ყველა ოჯახს საკუთრებაში დაახლოებით 1.21 ჰა პრივატიზებული მიწა გააჩნია.

რეგიონის მიწის ფონდში შედის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 74 %, რომლის დიდი ნაწილი (64 %) გამოყენებულია როგორც საძოვრები. რაიონში არსებული სახნავ-სათესი მიწებიდან ამჟამად მხოლოდ 65 % გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებით.

ახალქალაქის რაიონის თითქმის ყველა სოფელი საოჯახო მებოსტნეობას მისდევს. რაც შეეხება მეხილეობას, იგი ნაკლებადაა განვითარებული.

რაიონში იწარმოება კარტოფილის ისეთი ადაპტირებული და სპეციფიკური ჯიშები, როგორიცაა: “მარფონა”, “აგრია”, “დესირე”, “მარაბელი”, “კოლეტე” და “პამირი”. ეს ჯიშები ძირითადად ფერმერთა ასოციაცია ,,ჯავახეთის” მიერ არის შემოტანილი. .

1998 წელს, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ (GTZ) შემოიტანა ჯიშები “დესირე” და “აგრია”, 2002 წელს გაეროს ორგანიზაციამ - “FAO-მარფონა”, “კოლეტე” და “დესირე”. მესამედ კი პროგრამამ ,,IFAD”–მა არსებულ ექსპერიმენტულ წარმოებას შემოუტანა ისეთი ჯიშები, როგორიცაა: “მარფონა”, “სანტი”, “აგრია”, “იმპალა” და “პიკასო”. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანია “ევროპლანთან” ერთად 2005 წელს შემოიტანა ჯიში-“მარაბელი”.

კარტოფილის საშუალო პროდუქტიულობა დაახლოებით 1 ჰა-ზე 18 ტონას შეადგენს. სულ რაიონში წელიწადში 10200 ტონა კარტოფილი მოჰყავთ.

ბოსტნეულიდან მოჰყავთ: კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, წიწაკა, მწვანე პომიდორი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა. მოჰყავთ მწვანილი (ოხრახუში, ნიახური, კამა, პიტნა, ტარხუნა, რეჰანი, მწვანე ხახვი, ნიორი და სხვა).
 






Главное | Законодательство | Бюджет | Неправительственные секторы | Контакт

© Все права защищены